საქართველოს მასწავლებლების ნაწილი მოქალაქეების მიმართ ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებულ ძალადობას გმობს - ისინი კოლეგებს მოუწოდებენ სწორ მხარეს დადგნენ და შექმნილ მანიფესტს შეუერთდნენ. ფანიფესტს ამ დროისთვის 842 ადამიანი აწერს ხელს.
პედაგოგებს მიაჩნია, რომ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელია.
ფორმულა ფანიფესტის ტექსტს, რომლის ადრესატიც განათლების სამინისტროა, უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ, საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლების და არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების მასწავლებლები ვგმობთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას, დემონსტრანტების უკანონო დაკავებას. დღეს დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია!
უკვე დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკანა პლანზე სწევს რეჟიმი, ასუსტებს, საკუთარი ინტერესების გასამყარებლად იყენებს და სისტემის პროპაგანდისტულ სქემაში რთავს მასწავლებლებს, ამ პირობებში, მასწავლებლების ხმა უნდა ისმოდეს ბევრად უფრო ხმამაღლა და მქუხარედ!
მხარს ვუჭერთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში და წინააღმდეგობის მოძრაობაში ვდგავართ მათ გვერდით. საქართველოს ევროპული კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ვთვლით, რომ დღეს მომავალი თაობების ევროპული მომავლის დაცვა სკოლაში მომუშავე თითოეული ადამიანის პირდაპირი მოვალეობა და უპირველესი ამოცანაა!
ვთხოვთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგნენ ამ ბრძოლაში სწორ მხარეს, ჩვენივე მოსწავლეების ინტერესების დასაცავად.
თუკი ჩვენ ვემსახურებით განათლებას, ბრძოლის წინა ხაზზეც ჩვენ უნდა ვიყოთ! მივიჩნევთ, რომ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელია და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ ქვეყნის მომავლისა და ჩვენი გამოხატვის თავისუფლების დასაცავად", - წერია მანიფესტის ტექსტში.